Monday, May 26, 2014

აბორტი


დედათა სიკვდილიანობის 30%, და ნაყოფის პერინატალური (ორსულობის 28 კვირიდან 7 დღე დაბადების შემდგომ) სიკვდილიანობის 25% ადრე გაკეთებული აბორტების შედეგია.


აბორტი არის ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება ორსულობის 28- კვირის დასრულებამდე. გამოძევებული ნაყოფი უმეტესად სიცოცხლისუუნაროა. თუ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის დახმარებით მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს, მაშინ ორსულობის შეწყვეტას ნაადრევ მშობიარობად განიხილავენ.
განასხვავებენ ადრეულ (მე-16 კვირის ჩათვლით) და გვიან (მე-17-დან 28- კვირამდე), ხელოვნურ და სპონტანურ (თვითნებურ) აბორტს. თუ თვითნებური აბორტი ორჯერ ან მეტჯერ განვითარდა, ლაპარაკობენ ჩვეულ აბორტზე.
ხელოვნური აბორტი
ხელოვნური აბორტი კეთდება სამედიცინო დაწესებულებაში ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, განსაზღვრულ ჩვენებათა არსებობისას, საექიმო კომისიის გადაწყვეტილებით ორსულობა შესაძლოა ამ ვადის გასვლის შემდეგაც შეწყდეს. 6 კვირამდე ორსულობის შეწყვეტა რეკომენდებული არ არის.
ოპერაციის წინ უნდა ჩატარდეს საშოსა და საშარდე გზების მიკრობული ფლორის გამოკვლევა, სისხლის ანალიზი სიფილისსა და შიდსზე.
თუ ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა ნორმალურია, არ აღინიშნება მუცლის ტკივილი და სისხლდენა, პაციენტი შეიძლება სტაციონარიდან ბინაზე გაიწეროს. ტემპერატურის მატება და ხანგრძლივი სისხლიანი გამონადენი ხშირად საშვილოსნოს ღრუში სანაყოფე კვერცხის ნაწილების დარჩენაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში გამოფხეკა ხელახლა კეთდება.
გართულებები
1. ვინაიდან ჩანასახი საშვილოსნოს კედელზეა მიმაგრებული, მისი ძალისმიერი მოცილება სისხლდენას იწვევს. თუ აბორტი სტაციონარში არ განხორციელდა, შესაძლოა, სისხლდენა ქალის სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს.
2. ემბრიონის მოცილების შემდეგ საშვილოსნოში რჩება ზედაპირული ჭრილობები და იქმნება მიკრობთა დასახლებისთვის ხელსაყრელი გარემო, ამიტომ აბორტის ყველაზე ხშირი გართულება ენდომეტრიტია. არასტაციონარულ პირობებში გაკეთებული აბორტი შესაძლოა სეფსისით დასრულდეს.
აბორტის ერთ-ერთი გართულებაა საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირის სპაზმი, ამიტომ აბორტის შემდეგ სისხლიანი გამონადენის არარსებობა, ისევე როგორც ჭარბი გამონადენი, პოტენციურად საშიში სიმპტომია და ექიმის ჩარევას მოითხოვს.
3. ორსულობის პირველსავე დღეს იწყება ორგანიზმის, უწინარეს ყოვლისა, მარეგულირებელი (ნერვული და ჰორმონული) სისტემების გადაწყობა. ზოგიერთი ჰორმონის გამომუშავება იმატებს, ზოგიერთისა კი იკლებს. ეს პროცესი მთელი ორსულობის განმავლობაში მიმდინარეობს ქალის დნმ- გენეტიკურ პროგრამაში ჩადებული კანონზომიერების შესაბამისად. აბორტი იწვევს ამ პროცესების მკვეთრ შეწყვეტას, მკვეთრ ნერვულ და ჰორმონულ ძვრებს, რაც, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს ქალის ჯანმრთელობაზე. კერძოდ, ნეგატიურ გავლენას განიცდის:
საკვერცხეები, რაც მენსტრუაციული ციკლის დარღვევით ვლინდება;
ფარისებრი ჯირკვალი, რამაც შესაძლოა მის დაავადებამდე ან უკვე არსებული ქრონიკული დაავადების გამწვავებამდე მიგვიყვანოს;
თირკმელზედა ჯირკვალი, რაც არღვევს ნივთიერებათა ცვლას, სწევს მამაკაცური სასქესო ჰორმონების დონეს (რასაც მოჰყვება ჭარბთმიანობა და სხვა კოსმეტიკური პრობლემები), ამცირებს სტრესისადმი ორგანიზმის გამძლეობას;
ჰიპოფიზი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სასქესო ფუნქციის მოშლა და ცენტრალური (არაანთებითი) ხასიათის უშვილობა.
არსებობს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის რამდენიმე მეთოდი: ინსტრუმენტული (საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა); ვაკუუმასპირაცია (მინი-აბორტი); მედიკამენტური; ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარის შეყვანა.
1)     ინსტრუმენტული აბორტი ხელოვნური აბორტის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ნარკოზით (უმთავრესად - ვენურით ან ეპიდურულით). სპეციალური ინსტრუმენტით აფართოებენ საშვილოსნოს ყელს, შეაქვთ მასში კიურეტი და ფხეკენ საშვილოსნოს კედელს. ემბრიონის ნაწილის ჩარჩენის ალბათობა მინიმალურია, თუმცა აბორტის ამ სახეობას სხვა ნაკლი აქვს: საშვილოსნოში ინსტრუმენტი მიკრობებით დასახლებული ქვედა სასქესო გზების გავლით შეაქვთ, ამიტომ დიდია ინფექციური გართულების რისკი.
ორსულის საშვილოსნოს კედელი, განსაკუთრებით - ემბრიონის მიმაგრების ადგილას, შედარებით სათუთია ამიტომ დიდია მისი პერფორაციის ალბათობა. ეს გართულება იშვიათია, მაგრამ მეტად საშიში. ქალის გადასარჩენად ზოგჯერ საშვილოსნოს ამოკვეთა ხდება აუცილებელი.
ემბრიონის ნაწილის ჩარჩენის შემთხვევაში აუცილებელია ხელმეორე გამოფხეკა. ამის თავიდან ასაცილებლად პროცედურის წინ და მის შემდეგ ექოსკოპიური კვლევის ჩატარებაა საჭირო. ინფექციური გართულების პროფილაქტიკისთვის აბორტის შემდეგ აუცილებელია ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო თერაპიის კურსი და ფიზიოთერაპია."ბრმა" მანიპულაციაა და მაინც არსებობს ემბრიონის ნაწილის დატოვების ალბათობა. ეს ნაკლი გარკვეულწილად შეიძლება გამოსწორდეს, თუ ჩატარდება საკონტროლო ექოსკოპია ვაგინალური გადამწოდით აბორტის პროცედურამდე და აბორტის შემდეგ. კიდევ უკეთესია გამოფხეკა ჰისტერესკოპიული კონტროლის ქვეშ, როდესაც ხდება ექიმის მოქმედების ვიზუალიზაცია სპეციალური ოპტიკური სისტემით. საშვილოსნოს ყელის ტრავმა, რასაც მივყავართ მის სპაზმამდე და სისხლის კოლტების საშვილოსნოში შეკავებამდე. შემდგომ შეიძლება განვითარდეს ისთმურცერვიკალური უკმარისობა, რაც ხელს უშლის შემდგომი ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას, აგრეთვე ნაწიბუროვანი დეფორმაცია, რაც ნორმალური მშობიარობის პროცესს ართულებს.
2)     ვაკუუმასპირაცია (მინი-აბორტი). სიტყვა "მინი" აღნიშნავს არა ჩარევის მოცულობას, არამედ ორსულობის ვადას, უფრო სწორად, სანაყოფე კვერცხის დიამეტრს. თუ სანაყოფე კვერცხი იმხელაა, რომ გაეტევა ვაკუუმასპირატორის არხში, მაშინ მინიაბორტის ჩატარება შესაძლებელია. კვერცხის დიამეტრს ექოსკოპიური კვლევით ადგენენ. ვაკუუმასპირატორი წარმოადგენს დიდ შპრიცს გრძელი საცმით, რომელიც საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ. გამოწოვისას ნაყოფის მთლიანად გამოღების ალბათობა უფრო მცირეა, ვიდრე გამოფხეკის დროს, ამიტომ სანაყოფე კვერცხის ნაწილის ჩარჩენის ალბათობა შედარებით მეტია და შესაძლოა, მინი-აბორტის შემდეგ გამოფხეკაც გახდეს საჭირო
   3)  მედიკამენტური აბორტი. ამ დროს ქალი იღებს პრეპარატს მიფეპრისტონი (მიფეგინი), რომელიც ჰორმონ პროგესტერონის ანტაგონისტია. პროგესტერონის მოქმედების შეწყვეტა იწვევს ემბრიონის სიკვდილს და მის მოწყვეტას საშვილოსნოს ენდომეტრიუმთან ერთად. დამოუკიდებლად, ექიმის ჩარევის გარეშე, ორსულობის შეწყვეტის მიზნით მედიკამენტის მიღება არ შეიძლება. ამ პრეპარატის მიღება შემოისაზღვრება სანაყოფე კვერცხის ზომებითა და მისთვის საშვილოსნოს ყელის არხის გამავლობით. საშვილოსნოს უკეთ შეკუმშვისათვის ხდება პროსტოგლანდინების დანიშვნა. ეს უკანასკნელნი კი იწვევენ თავბრუსხვევას, გულისრევას, დიარეას და .. ექოსკოპია აქაც აუცილებელია აბორტამდე და შემდეგ  ინფექციური გართულების ალბათობა ამ დროს პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ მაღალია საშვილოსნოში სანაყოფე კვერცხის ნაწილის ჩარჩენის რისკი. გარდა ამისა, ჰორმონული პრეპარატის მიღებამ შესაძლოა ჰორმონული ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს. პროსტოგლანდინთა გვერდითი ეფექტები, მიფეპრისტონის ჰორმონალური ბუნება და მისი ჰორმონულ ბალანსში ჩარევის არაპროგნოზირებადობა, სანაყოფე კვერცხის არასრული მოცილების დიდი ალბათობა.
   4)    ატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარის შეყვანა. არის შემთხვევები, როდესაც აუცილებელია ორსულობის შეწყვეტა დიდ ვადაზე, მაგალითად, მე-20 კვირას, როდესაც გამოფხეკა აღარ გაკეთდება. ამ დროს ამნიონის ბუშტში (სანაყოფე გარსში, რომელშიც იმყოფება ემბრიონი) ჰიპერტონული ხსნარი შეჰყავთ. ეს იწვევს ნაყოფის სიკვდილს, მის მოწყვეტას და ხელოვნურ მშობიარობას.


თვითნებური (სპონტანური) აბორტის მიზეზი ხშირად უცნობია. ალბათობას ზრდის ადრე გაკეთებული ერთი ან მეტი ხელოვნური აბორტი (განსაკუთრებით - პირველი ორსულობის შეწყვეტა), სქესობრივი მომწიფების დაგვიანება (ინფანტილიზმი), მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები, დედისა და ნაყოფის შეუთავსებლობა სისხლის რეზუს-ფაქტორისა და ჯგუფის მიხედვით, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების (ჰიპოფიზის, საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლის) დისფუნქცია, ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობა (საშვილოსნოს ყელის პათოლოგია) და ფიზიკური ფაქტორები (სიმძიმის აწევა, ტრავმა, დაცემა).
განასხვავებენ თვითნებური აბორტის რამდენიმე სტადიას:
·         აბორტის საშიშროება - ორსული უჩივის სუსტ ტკივილს მუცლის ქვედა არესა და წელის მიდამოში. სასქესო გზებიდან სისხლიანი გამონადენი არ აღინიშნება. საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირი დახურულია (ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობის დროს ოდნავ ღიაა). საშვილოსნოს ზომა შეესაბამება ორსულობის ვადას. ასეთი მდგომარეობა შექცევადად არის მიჩნეული და დროული ეფექტური მკურნალობის შემთხვევაში ორსულობა ნორმალურად გრძელდება.
·         დაწყებული აბორტი - მუცლის ტკივილი ძლიერდება, აღინიშნება მწირი სისხლიანი გამონადენი. საშვილოსნოს ზომა შეესაბამება ორსულობის ვადას. საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირი დახურული ან ოდნავ ღიაა. ორსულობის შენარჩუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ პროგნოზი წინა სტადიასთან შედარებით უარესია.
·         მიმდინარე აბორტი - სანაყოფე კვერცხი საშვილოსნოს კედელს სწყდება და ცერვიკალური არხით ღრუდან გამოიდევნება. ქალი უჩივის მოჭერითი ხასიათის ტკივილს მუცლის ქვედა არეში და სისხლიან (ზოგჯერ საკმაოდ ინტენსიურ) გამონადენს. საშვილოსნოს ზომა შეესაბამება ორსულობის ვადას ან მასზე პატარაა. ორსულობის შენარჩუნება შეუძლებელია.
·         არასრული აბორტი - საშვილოსნოს ღრუში რჩება სანაყოფე კვერცხის ნაწილი, რასაც, როგორც წესი, ჭარბი სისხლიანი გამონადენი სდევს თან. აუცილებელია საშვილოსნოს გამოფხეკა.
·         სრული აბორტი - სანაყოფე კვერცხი მთლიანად გამოიდევნება საშვილოსნოდან. საშვილოსნო იკუმშება, მისი ყელი იხურება და სისხლდენა წყდება. ხშირია ორსულობის ადრეულ სტადიაში.

სამედიცინო ჩარევა აბორტის სტადიაზეა დამოკიდებული. პირველ და მეორე სტადიებში ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი სტაციონარის პირობებში. ფსიქოთერაპია, უარყოფითი ემოციებისთვის თავის არიდება კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. მედიკამენტური ჩარევა ითვალისწინებს სედაციური (ბრომის პრეპარატები) და საძილე საშუალებების, ასევე ვიტამინების (E ვიტამინი, ასკორბინის მაჟავა) და ჰორმონული პრეპარატების (პროგესტერონი, კომბინირებული ესტროგენოგესტაგენური პრეპარატები) გამოყენებას. მიმდინარე და არასრული აბორტის დროს ნაჩვენებია სანაყოფე კვერცხის ან მისი ნაწილის ქირურგიული გზით მოცილება. გვიანი აბორტის დროს, თუ სისხლდენა ძლიერი არ არის, ელოდებიან სანაყოფე კვერცხის დაბადებას. საშვილოსნოს გამოფხეკა ნაჩვენებია ღრუში პლაცენტის ნაწილის ჩარჩენის შემთხვევაში.
თუ აბორტი ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობით არის განპირობებული, პირველ და მეორე სტადიებში ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა - საშვილოსნოს ყელზე ნაკერების დადება.
თვითნებური აბორტის ინფექციური გართულებები:
·         ცხელებით მიმდინარე გაურთულებელი აბორტი - ინფექცია ლოკალიზებულია საშვილოსნოში, ქალი უჩივის სისუსტეს, ტაქიკარდიას, ტემპერატურა მაღლა იწევს, მომატებულია ლეიკოციტები.
·         ცხელებით მიმდინარე გართულებული აბორტი - ინფექცია საშვილოსნოს გარეთაც ვრცელდება, მაგრამ შემოიფარგლება მცირე მენჯის ღრუთი. მდგომარეობა მძიმდება, თავს იჩენს ტკივილი მუცლის ქვედა არეში, ტემპერატურა მაღლა იწევს. ქალს ამცივნებს, საგრძნობლად იმატებს ლეიკოციტები და ერითროციტების დალექვის სიჩქარე.
·         სეფსისური აბორტი - მდგომარეობა მძიმეა: ავადმყოფი ფითრდება, ამცივნებს და აცხელებს. ამას თან სდევს ზოგადი ინტოქსიკაცია და ორგანოთა (ღვიძლის, თირკმელების, ელენთის) ტოქსიკური ცვლილებები.
ინფექციური აბორტის დროს მკურნალობის წამყვანი მეთოდია ანტიბიოტიკოთერაპია. გართულებისა და სეფსისის შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, მადესენსიბილიზებელი პრეპარატები, ვიტამინები. სანაყოფე კვერცხის ნარჩენების გამოფხეკა მხოლოდ გაურთულებელი აბორტისა და ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში ტარდება, ჩვეულებრივ, ინფექციური გართულების ჩაცხრობის შემდეგ.

აბორტის დღეეს მენსტრუალური ციკლის პირველი დღეა. ნორმაში მენსტრუაცია უნდა მოგივიდეთ თქვენთვის ჩვეულებრივი დღეთა რაოდენობის გასვლის შემდეგ. გადაცდენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს! აბორტის შემდეგ აუცილებელია ორსულობისაგან თავის დაცვა. განმეორებითი ორსულობა ნებისმიერ დღეს შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით აბორტისშემდგომ არეულ ჰორმონალურ ფონზე. საუკეთესო თავდაცვა ამ შემთხვევაში პრეზერვატივია, რომელიც ინფექციებისაგანაც გიცავთ. არსებობენ ყველასათვის ხელმისაწვდომი მეთოდები მუდმივი, დროებითი და სასწრაფო კონტრაცეპციისა. აბორტი არ არის ორსულობისაგან თავდაცვა, ეს ორსულობის შეწყვეტაა. აბორტი პრობლემების თავიდან აცილება კი არა, საკუთარი თავისათვის დამატებითი პრობლემების გაჩენაა.



No comments:

Post a Comment